English / ქართული / русский /
ევგენი ბარათაშვილიდავით ბიბიჩაძეთამარ ლაგვილავა
ექსტრიმ-მენეჯმენტის თავისებურებები მართვის თანამედროვე თეორიაში

ანოტაცია. დღეისათვის, ინოვაციური ეკონომიკის პირობებში, სისტემატურად წარმოიქმნება სრულიად ახალი პრობლემები და ამოცანები, რომლებიც გამოწვეულია გარე და შიდა გარემოს მკვეთრი ცვლილებებით, გაურკვევლობითა და არაპროგნოზირებადობით, საგანგებო და კრიზისული სიტუაციებით. ამ ამოცანების გადაჭრა დაკავშირებულია ისეთი არასტანდარტული მიდგომების ძიებასთან, რომელთა კოპირებაც უკვე არსებული თეორიული კონცეფციებიდან ან წარსული გამოცდილებიდან შეუძლებელია. სწორედ ეს გარემოება განაპირობებს კომპანების მართვაში კრეატიული მენეჯმენტის აქტიურ გამოყენებას.

საკვანძო სიტყვები: ექსტრიმ-მენეჯმენტი, ორგანიზაციის მართვა, განუსაზღვრელობა.

შესავალი

მოცემული ნაშრომის მიზანია, წარმოაჩინოს კრეატიული მენეჯმენტის ერთ-ერთი უახლესი მიმართულების ექსტრიმ-მენეჯმენტის თავისებურებები და განსხვავებები მენეჯმენტის ტრადიციულ მიდგომებთან.

ექსტრიმ-მენეჯმენტი არის ორგანიზაციის მართვის განსაკუთრებული ტიპი, რომელიც დაფუძნებულია უკიდურესად შეზღუდულ ვადებში რისკის მაღალი ხარისხის მქონე არასტანდარტული ექსტრაორდინალური გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების შემუშავებასა და რეალიზებაში მართვის პროცესის ყველა მონაწილის აქტიურ ჩართვაზე.  ასეთმა გადაწყვეტილებებმა,  ორგანიზაციის საქმიანობისადმი მუდმივად ცვლადი მოთხოვნების არსებობის პირობებში, მისი დინამიური და მდგრადი განვითარება უნდა უზრუნველყოს.

ექსტრიმ-მენეჯმენტი – ეს არის მართვის მოქნილი, დინამიური მოდელი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის, რომელთა განვითარებისთვისაც დამახასიათებელია ტურბულენტურობა, არასტაბილურობა, განუსაზღვრელობა, არაპროგნოზირებადობა, ცვლილებების დიდი სიჩქარე.

ექსტრემალური მენეჯმენტის პრინციპული თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის ხელმძღვანელებს მზა შაბლონურ და ტიპურ პრაქტიკულ რეკომენდაციებს კი არ აძლევს, არამედ  ყოველ ჯერზე, სადაც წარუმატებლობა დაუშვებელია, ახალი კრეატიული გადაწყვეტების შესაქმნელად  ეფექტიანი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტებით აიარაღებს.

ექსტრემალური მენეჯმენტის პირობები, ამოცანები და შინაარსი კლასიკურისგან პრინციპულად განსხვავდება. კლასიკურ მენეჯმენტში მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გათვალისწინებული საბაზო წინაპირობებია სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევების დანერგვა, ტექნოლოგიური ნოვაციების თაობათა ცვლის ტემპების დაჩქარება; გამუდმებული სრულყოფისა და ინოვაციური პროდუქტების, ტექნოლოგიების და ა.შ. განახლების მოთხოვნილება.

ექსტრიმ-მენეჯმენტის უმნიშვნელოვანესი ამოცანა ექსტრემალური მმართველობითი გადაწყვეტილებების გენერირების, შემუშავებისა და მიღებისთვის დროის პერიოდის შემცირებაა. ექსტრემალური მმართველობითი გადაწყვეტილება – ესაა გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს მკვეთრად გამოხატული ექსტრემალური მიმართულებისა და რისკის მაღალი ხარისხის შემცველ აქტიურ, არასტანდარტულ (ზოგჯერ შოკის გამომწვევ და არაკოპირებად) ღონისძიებებსა და მოქმედებებს, რომელთაც, უმთავრესად, გადაწყვეტილების მიღების დიდი სიჩქარე და შედეგიანობა ახასიათებს.

ექსტრემალური მმართველობითი გადაწყვეტილებების უმნიშვნელოვანეს ნიშნებს ასევე მიეკუთვნება მათი მოქნილობის და მუდმივად ცვალებადი მოთხოვნებისა და პირობებისადმი ადაპტურობის მაღალი ხარისხი, აგრეთვე კრეატიულობისა და ინოვაციურობის მაღალი დონე. 

კლასიკური და ექსტრემალური მენეჯმენტის  თავისებურებები და სპეციფიკა

მართვისტიპის, პირობებისადაფუნქციებისთავისებურებები

კლასიკური მენეჯმენტი

ექსტრემალური მენეჯმენტი

მართვისტიპი

დაფუძნებულია სტრატეგიულ (გეგმიურ) განჭვრეტაზე

სტაბილური, გეგმაზომიერი, თანმიმდევრული მართვა ხორციელდება წინასწარ

ცნობილი და აპრობირებული თეორიული, მეთოდოლოგიური და მეთოდური დებულებებისა და მეთოდიკების საფუძველზე

დაფუძნებულია მოქნილ, სწრაფ რეაგირებაზე მოულოდნელი ცვლილებებისას

მართვას რეაქტიული ხასიათი აქვს, მიუხედავად ადრე მიღებული და დამტკიცებული გეგმებისა, სწრაფად და მოქნილად რეაგირებს რეალობის ყველა ცვლილებაზე

მმართველობითიგადაწყვეტილებებისმიღებისპირობები

პროგნოზირებადობა, სტაბილურობა, გეგმაზომიერება, თანმიმდევრულობა; ბიუროკრატიზაცია და ზუსტი წესებისა და სხვადასხვა სახის მეცნიერულად დასაბუთებული გათვლების დაცვის აუცილებლობა. მოვლენათა განვითარების პირობების პროგნოზირებადი, დასაბუთებული და განჭვრეტადი ვარიანტები (ოპტიმისტური, ოპტიმალური, პესიმისტური)

ექსტრემალური პირობები, არაპროგნოზირებადობა, განუსაზღვრელობა, მოუწესრიგებლობა, ქაოსურობა. კრეატიულობა, ინოვაციურობა; არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღების დიდი სიჩქარე, სპონტანურობა და იმპროვიზაცია, ცდისა და შეცდომის მეთოდის ხშირი გამოყენება

დაგეგმვა

დაგეგმვის მთავარი მიზანი - დასაბუთებული მიზნების მაქსიმალური ეფექტიანობით მიღწევის პროგრამების, გეგმებისა და პროექტების გეგმაზომიერი შემუშავება და რეალიზაცია

დაგეგმვის მთავარი მიზანი - პრობლემების გადასაჭრელად ღონისძიებათა ადაპტიური სისტემის სწრაფი ფორმირება არსებული ამოცანების შესრულების მიზნით მისი გამუდმებული კორექტირებით

ორგანიზაცია

დასახული შედეგების მისაღწევად პროგრამების, გეგმებისა და პროექტების რეალიზაციის გეგმაზომიერი ეტაპობრივი პროცესი, მიმართული მათ განხორციელებაზე, თავდაპირველად დასახული მიზნებისა და პარამეტრებისგან მინიმალური გადახრით

პროგრამების, გეგმებისა და პროექტების რეალიზაციის პროცესი ხორციელდება სწრაფად ცვალებადი პირობების ექსტრაორდინალურობის გათვალისწინებით, მიზნებისა და ამოცანების და ცვალებადი ვადების, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების, შემსრულებლების, ხარჯების, რესურსების და ა.შ. კორექტირებით

მოტივაცია

დასახული შედეგების გეგმაზომიერი მიღწევის მიზნით მატერიალური და მორალური სტიმულირების ტრადიციული მეთოდების გამოყენება

მოტივირების ისეთი ინსტრუმენტებისა და მეთოდების გამოყენება, რომლებიც ძირითადად დაფუძნებულია  ემოციურ სურვილებზე, უარყოფითი და დადებითი ემოციების გაჩენაზე, საკუთარი უპირატესობის შეგნებაზე, პრობლემის უჩვეულო გზით გადაჭრის ხერხებსა და მეთოდებზე

კონტროლი

კონტროლის მკაცრი სისტემა, რომელიც დამტკიცებული და დასახული გეგმებისა და პროგრამების გრაფიკის, რაოდენობის, ხარისხის, ვადების და ა.შ. მიხედვით ეტაპობრივად რეალიზების გადახრის ხარისხის კონტროლირების (დაკვირვების) საშუალებას იძლევა

მოქნილი, დიფერენცირებული, სიტუაციური კონტროლი, რომელიც შექმნილი რეალიების გათვალისწინებით მათი შემდგომი კორექტირების მიზნით

მიღებული შედეგების ადეკვატურობის ხარისხის შეფასების საშუალებას იძლევა

 

ექსტრემალური მენეჯმენტი ეფუძნება მართვის სპეციფიკურ პრინციპებს, რომელთა შორის მთავარია:

– ანთროპოცენტრულობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ ექსტრემალური მენეჯმენტი იმ ადამიანთა ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, რომლებიც წარმატებისა და პრობლემების შემოქმედებითი გადაწყვეტის უმთავრესი ფაქტორი არიან, მაშინ, როდესაც კლასიკური მენეჯმენტი ადამიანებს პროცესის მომსახურებას აიძულებს;

– შემოქმედებითი ატმოსფეროს შექმნისა და მმართველობითი პროცესის (გამოყენებული ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების, მეთოდების და ა.შ.) მკაცრი კონტროლის მინიმიზაციის პრინციპი, ასევე კონტროლის ფუნქციის მისი ყველა მონაწილისთვის დელეგირება მუდმივი თვითკორექციის განხორციელებით;

– ექსტრიმ-მენეჯერების (რომლებიც უბრალოდ კი არ ხელმძღვანელობენ, არამედ სათავეში უდგანან "ექსტრემალური გარღვევის გუნდს"), ქარიზმატულობის პრინციპი;

– გაცნობიერებული რისკის პრინციპი (რისკიანი წინდახედულობის პრინციპი), რომელიც გულისხმობს, რომ შესაძლოა ორგანიზაციისთვის საფრთხის შემცველი იყოს ტრადიციული მმართველობითი მიდგომების, ინსტრუმენტებისა და მეთოდების გამოყენება ტურბულენტურობის, განუსაზღვრელობისა და არაპროგნოზირებადობის პირობებში;

– ექსტრემალური მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მენეჯერის თავისუფლებისა და იმპროვიზაციის პრინციპი.

– ექსტრემალურ მენეჯმენტში მართვის ტრადიციული და ნოვაციური მეთოდების გამოყენების პროცესში ბალანსის მუდმივი ძიების პრინციპი და ა.შ.

დასახელებულთა გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია შემდეგი პრინციპები:

– სინქრონულობა, ადაპტურობა და ავტომატიზმი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებისას;

– მიზნებისა და მათი რეალიზაციის გზების იტერაციული კორექცია;

– შესაძლო ცვლილებების განჭვრეტა;

– ექსტრემალური გადაწყვეტილებების მიღების სავარაუდო შედეგების გათვალისწინება;

– ექსტრემალურ სიტუაციებში მუდმივი ექსპრეს-მონიტორინგის განხორციელება.

ექსტრემალურ სიტუაციებში მართვის ტრადიციული მეთოდები ხშირად არ მუშაობს ან ნაკლებად ეფექტიანია, ყოველივე ეს ექსტრემალურ პირობებში მმართველობითი მიზნების მიღწევის პრინციპულად ახალი, ადრე გამოუყენებელი ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების ძიებასა და გამოყენებას მოითხოვს. რადგან ექსტრიმ-მენეჯმენტი რისკის მაღალ დონესთან დაკავშირებულ ექსტრემალურ მოქმედებაზე, ექსტრემალურ მმართველობით გადაწყვეტილებებზეა დაფუძნებული, შესაბამისად, მისი მეთოდებიც არა იმდენად ტრადიციულ ინსტრუმენტებს მოიცავს, რამდენადაც კრეატიულს.

თავისი თავისებურებები აქვს ექსტრემალური მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ეტაპურობასაც, რომელიც შემდეგი თანმიმდევრობით ხორციელდება:

1) ექსტრემალური სიტუაციის ექსპრეს-შეფასება;

2) შექმნილი პრობლემის სისტემურ-კრეატიული მონიტორინგი;

3) კრეატიული იდეებისა და ინოვაციური მმართველობითი გადაწყვეტილებების სინქრონიზებული გენერირება და რეალიზება;

4) ექსტრემალური მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების შედეგების შეფასება;

5) ექსტრემალური მმართველობითი გადაწყვეტილებების კორექტირება ექსტრემალური სიტუაციის ექსპრეს-ანალიზის საფუძველზე.

მმართველობითი გუნდი ექსტრემალური მმართველობითი გადაწყვეტილებების შემუშავებისა და რეალიზაციის ყველა სტადიასა და ეტაპზე ემოციურ-ფსიქოლოგიური შემოქმედებითი აღმავლობის რეჟიმში მუშაობს, მუდმივად ახდენს ახალი აზრების, იდეების გენერირებას, შესთავაზებს აუცილებელი შედეგების მიღწევისაკენ მიმართულ არასტანდარტულ ღონისძიებებს.

ექსტრემალურ მენეჯმენტში განსაკუთრებული მოთხოვნები არსებობს მართვის პროცესის ცენტრალური ფიგურის _ მენეჯერისადმი. ექსტრემალურ პირობებში მენეჯერის ძირითადი ამოცანა არის ორგანიზაციის მიზნებისა და მისიისადმი ერთგულება, აგრეთვე მმართველი გუნდის ყოველი მონაწილის მოტივირების ეფექტიანი სისტემის შექმნა. ამასთან, ექსტრემალური ტიპის მენეჯერის უმნიშვნელოვანესი დამახასიათებელი თვისებები, რომლებიც განსაზღვრავს ექსტრემალური მართვის წარმატებას, პირველ რიგში, თვითდისციპლინა, პოზიტიური ენერგია და ქარიზმატიკაა.

ექსტრემალური ტიპის მენეჯერები – ეს არიან მენეჯერები, რომლებიც მიდიან რისკზე, იღებენ არსებული შესაძლებლობების ზღვარზე, ზოგჯერ კი მასზე აღმატებულ მმართველობით გადაწყვეტილებებს.

ექსტრემალური ტიპის მენეჯერი – ესაა მმართველი, რომელიც საკუთარი თავისთვის ნორმად აწესებს იმას, რასაც სხვები უკიდურესობად მიიჩნევენ.

ექსტრემალური მენეჯმენტის გამოყენების გამოცდილება დამაჯერებლად მოწმობს, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებისა და რეალიზების პროცესში წარუმატებლობის მთავარი მიზეზებია:

– "ექსტრემალური გარღვევის ჯგუფში" აუცილებელი მომზადებისა და შესაბამისი თვისებების მქონე ეფექტიანი ექსტრემალური ტიპის ხელმძღვანელების და მენეჯერების არყოფნა;

– ორგანიზაციის გარშემო გარემოში მუდმივი ცვლილებების, მათ შორის ზოგადი ეკონომიკური სიტუაციის, ორგანიზაციის პერსონალის ემოციურ-ფსიქოლოგიური მოლოდინების გაუთვალისწინებლად მმართველობითი გუნდის ყურადღების კონცენტრაცია მხოლოდ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ დეტალებზე;

– მმართველი გუნდების მონაწილეთა კომუნიკაციური უნარების დაბალი დონე და, უპირველეს ყოვლისა, „ცოცხალ პლანში“ მმართველი გუნდების მონაწილეთა ეფექტიანი უშუალო ურთიერთქმედების უნარების არარსებობა;

– ხელმძღვანელების ავტორიტეტის წინაშე მმართველი გუნდების მონაწილეთა მეტისმეტი მოწიწება, უნიათობა, განკარგულებების ზედმიწევნითი შესრულება, საკუთარი თვალსაზრისის დაცვის უუნარობა;

– ორგანიზაციის მენეჯმენტის ბიუროკრატიზაცია და შაბლონურობა – მმართველი გუნდების მონაწილეთა შორის ნდობით აღსავსე ურთიერთობის არარსებობა.

ექსტრემალური მენეჯმენტის წარმატება, უპირველეს ყოვლისა მდგომარეობს არა იმდენად პროცესის მონაწილეთა დროისა და მოქმედების მართვის უნარში, რამდენადაც „ექსტრემალური გარღვევის ჯგუფების“ კრეატიულობის, შემოქმედებითი ენერგიის, განწყობილებისა და ემოციების მართვის უნარში.

ეფექტიანი ექსტრემალური მენეჯმენტი გვხვდება მუდმივად მიმდინარე ცვლილებებისადმი ადაპტაციის მაღალი შესაძლებლობების მქონე მოქნილ ორგანიზაციებში, მართვის მეგობრული მაღალი კორპორაციული კულტურის მქონე ორგანიზაციებში, რაც შექმნილი მოთხოვნილებებისა და ვითარების თანახმად, ორგანიზაციის მართვის კლასიკურიდან ექსტრემალურ, ექსტრემალურიდან კლასიკურ მოდელებზე სწრაფად და ეფექტიანად გადართვას ხდის შესაძლებელს.

თითოეული ორგანიზაციის ექსტრიმ-მენეჯმენტის კონკრეტული მოდელი არაკოპირებადი მოდელებია. ასეთი მოდელები ინდივიდუალური, ექსკლუზიური და განუმეორებელია.

ექსტრიმ-მენეჯერების პროფესიული მომზადება კრიზისული ეკონომიკის პირობებში ორგანიზაციების საქმიანობაში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას და ყურადღებას იძენს. კრიზისული სიტუაციების არასტაბილურობის, განუსაზღვრელობის და არაპროგნოზი-რებადობის პირობებში ეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებასა და რეალიზაციაზე პასუხისმგებლობა სწორედ ასეთ მენეჯერებს აწევთ. სწორედ მათი კვალიფიკაცია და სხვადსხვა სახის პრობლემებზე მყისიერი რეაგირება, მმართველობითი პერსონალის მუშაობის საჭირო მიმართულებით ორგანიზება არის ექსტრემალური სიტუაციის წარმატებული გადაჭრის გარანტია.

ექსტრიმ-მენეჯერების სწავლების ეფექტიანი სისტემის ფორმირებას თან უნდა ახლდეს შესაბამისი მეთოდოლოგიური ბაზის შექმნა, რომელიც მენეჯმენტის ზოგადი თეორიის, კრეატიული მენეჯმენტის, ექსტრემალური მენეჯმენტის და პრაქტიკული გამოცდილების ათვისების პროცესში სინერგიულ ეფექტს უზრუნველყოფდა.

ასეთი მეთოდოლოგიის საფუძველი სისტემურ-კრეატიული მიდგომა უნდა იყოს. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა მომავალ ექსტრიმ-მენეჯერებს ჩამოუყალიბდეთ აზროვნების შესაბამისი ხასიათი, რომელსაც შეზღუდულ ვადებში ადრე გამოუყენებელი ინსტრუმენტებისა და მართვის მეთოდების გამოყენებით არასტანდარტული მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფა შეეძლება.

დასკვნა

ექსტრემალურ მენეჯმენტში, კლასიკურისგან განსხვავებით, მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების მთავარი წინაპირობებია: ქაოსურობა, შემთხვევითობა, არაპროგნოზირებადობა, ორგანიზაციის გარე და შიდა გარემოს გამუდმებული ცვალებადობა; ორგანიზაციის განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის პროცესში წარმოქმნილი განუსაზღვრელობა და მოულოდნელობა; მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებისა და რეალიზაციის ვადების მკვეთრი შემცირება. რამდენადაც ექსტრიმ-მენეჯერის მუშაობა კონკრეტული პროფესიული საქმიანობის პროცესში ხორციელდება, ექსტრიმ-მენეჯერი, უპირობოდ, ვალდებულია გარკვეულ სფეროში მენეჯმენტის კონკრეტულ ტექნოლოგიურ და ორგანიზაციულ თავისებურებებს ფლობდეს.

ექსტრიმ-მენეჯერი, საგანგებო და კრიზისული სიტუაციების დაძლევის ექსტრიმ-გეგმების შემუშავებისას, განსაზღვრავს თუ მმართველობითი სიტუაციის მიმართ როგორ, რა ვადებში და უშუალოდ ვინ ახორციელებს ამა თუ იმ მოქმედებას (პროცედურებს, ტექნოლოგიებს). ის პასუხს აგებს შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამოსავლის შემუშავებას, სტრატეგიასა და ტაქტიკაზე.

ამასთან, ექსტრიმ-მენეჯერი მის მიერ მენეჯმენტის ფუნქციების რეალიზაციის პროცესში ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენების ცოდნასა და უნარებს უნდა ფლობდეს და პირველ რიგში ისეთი საკითხების გადაჭრის, როგორიცაა:

– მიზნების დაზუსტება და მათი მიღწევის რაციონალური გზების არჩევა;

– პრიორიტეტული ამოცანების დასაბუთება, მოვლენების განვითარების პროგნოზისა და წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელი ინსტრუმენტების დაზუსტება;

– მკვეთრად ცვალებად პირობებში დაგეგმვაში, კოორდინაციაში, პროცესის ორგანიზაციაში, უფლებამოსილებათა დელეგირებაში მოქნილობის განხორციელება;

– როგორც ორგანიზაციის მმართველობითი პერსონალის, ისე მის გარეთ ეფექტიანი ურთიერთქმედების უზრუნველყოფა, ამასთან ერთად ეფექტიანი კონტროლის განხორციელებით და სხვა.

მოყვანილ დებულებებზე დაყრდნობით ცხადია, რომ ექსტრიმ-მენეჯერების მომზადების შინაარსი თავის თავში სამ ძირითად  მიმართულებას უნდა მოიცავდეს:

1)  პროფესიული მომზადება (პროფესიული საქმიანობის სახეობების შინაარსი, ტიპური პროფესიული ამოცანები, სიტუაციები და მათი გადაჭრის ხერხები და სხვა);

2)  პროფესიულ სფეროში ექსტრიმ-მენეჯერის წინაშე მდგომი ამოცანების ეფექტიანი შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო მისი პიროვნების სოციალურ-ფსიქოლოგიური თვისებების განვითარება;

3)  ექსტრემალურ სიტუაციებში პრობლემების გადასაჭრელად ექსტრიმ-მენეჯერის მომზადების დონისა და კრეატიული უნარების განვითარების ზრდა.

ექსტრემალური მენეჯერების მომზადებაში არსებითი როლი უნდა მიეკუთვნოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მის ფსიქიკაზე ნეგატიური ზემოქმედების მომხდენ სხვადასხვა ფაქტორზე მენეჯერის რეაქციასთან დაკავშირებული კომპეტენციების განვითარებას. ეს სრულიად ნაირფეროვანი ფაქტორები შეიძლება იყოს:

– სიტუაციის არასტანდარტულობა, განუსაზღვრელობა და არაპროგნოზირებადობა;

– წარმოქმნილი, ადრე მენეჯერისთვის უცნობი პრობლემების განსაკუთრებული სირთულე;

– აუცილებელი უტყუარი ინფორმაციის არარსებობა;

– გამუდმებით წარმოქმნილი სირთულეები და საფრთხეები;

– დროის მწვავე დეფიციტი;

– მენეჯერთა ურთიერთქმედებაში დარღვევების შედეგად გამუდმებული ემოციური აშლილობები და სხვა.

ექსტრიმ-მენეჯერების მომზადება და სწავლება არ შეიძლება ეფექტიანი იყოს, თუ ცოდნა მხოლოდ ინფორმაციის ფორმით და ფასეულობით-აზრობრივი და ემპირიული შემადგენლის გარეშე გადაეცემათ. ნათელია, რომ ექსტრიმ-მენეჯერების მომზადება ადაპტიურ ტექნოლოგიურ სწავლებაზე უნდა აიგოს და პრაქტიკული ტრენინგული მომზადების (ქეის-მეთოდები და სხვა აქტიური მეთოდები) მნიშვნელოვან ნაწილს შეიცავდეს.

ასეთი პრაქტიკა უთუოდ ხელს შეუწყობს ცოდნის განმტკიცებას, უნარებისა და კომპეტენციების შემუშავებას, აგრეთვე ხელს შეუწყობს მენეჯერების შემდგომ მოტივირებას ექსტრიმ-მენეჯერების პროფესიული ოსტატობის სრულყოფისაკენ.

ექსტრიმ-მენეჯერების მომზადების პროგრამა თავის თავში უნდა მოიცავდეს მომზადების სხვადასხვა აქტიურ მეთოდს, რომლებიც ინდივიდუალური მოდელის, სტილის და სხვადასხვა ექსტრემალურ პირობებში მუშაობის მეთოდიკის ფორმირების საშუალებას იძლევა.

ცხადია, მართვის ტრადიციული მეთოდები ექსტრემალურ სიტუაციებში ხშირად არ მუშაობს ან ნაკლებად ეფექტიანია. ყოველივე ეს ექსტრემალურ პირობებში მმართველობითი მიზნების მიღწევის პრინციპულად ახალი, ადრე გამოუყენებელი ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების ძიებასა და გამოყენებას მოითხოვს.

რადგან ექსტრიმ-მენეჯმენტი ექსტრემალურ მოქმედებებზე, რისკის მაღალ ხარისხთან დაკავშირებულ ექსტრემალურ მმართველობით გადაწყვეტილებებზეა დაფუძნებული, შესაბამისად, მისი მეთოდებიც თავის თავში არა იმდენად ტრადიციულ, რამდენადაც კრეატიულ ინსტრუმენტებს უნდა მოიცავდეს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Антонова Н.В. Психология управления /Н.В. Антонова – М.: Высш.шк. экономики, 2010. – 272 с.
  2. Беляцкий Н.П.  Интеллектуальная техника менеджмента: учеб. Пособие / Н.Б. Беляцкий. – Минск: Новое знание, 2001. – 320 с.
  3. Ванюрихин Г.И. Креативный менеджмент. Творческие подходы к поиску управленческих решений: учеб. – практ. Пособие / Г.И. Ванюрихин , МГУ им. М.В. Ломоносова. – М.:Макс Пресс, 2007. – 128 с.
  4. Де Боно  Эдвард. Искусство думать. Латеральное мышление как способ решения сложных задач / Де Боно Эдвард. – М.: Альпина Паблишер, 2013. – 176 с.
  5.  Медведев Д.Л. Эффективный Черчилль: методы которые использовал самый известный премьер в мировой историй /         Д. Медведев. – М.:Рипол Классик, 2011. – 574 с.
  6. Туник Е.Е. Психодиагностика творческое мышление. Креативные тесты / Е.Е. Туник. – СПб.: Дидактика Плюс, 2002. – 219 с.
  7. Runco, M. A. -Creativity. Theories and themes: Research, development, and practice.  Elsevier Academic Press, Burlington, MA. 2007
  8. Weisberg, R. W. (1999) Creativity and knowledge: A challenge to theories. In Handbook of  creativity (Sternberg, R. J., Ed), pp 226-250, Cambridge.